Tuesday, April 17, 2012

გამოფენა ''ძველი და თანამედროვე თბილისი'' ეროვნულ არქივში


     საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 17 დეკემბერს გამოფენა - "ძველი და თანამედროვე თბილისი" გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია, ეროვნულ არქივში დაცული, 1890-1910 წლებში დიმიტრი ერმაკოვისა და 2009 წელს გიორგი მეურმიშვილის მიერ გადაღებული ფოტოები. ასევე, 1949 წლით დათარიღებული კინოსიუჟეტი თბილისის შესახებ. მასალა შერჩეულია ეროვნული არქივის ფოტო და კინო არქივებიდან.

     დამთვალიერებელს გამოფენაზე საშუალება მიეცა თვალნათლივ დაენახა, როგორ შეიცვალა გამოჩენილი ფოტოგრაფის თვალით დანახული თბილისი ერთი საუკუნის შემდეგ. 2009 წელს გადაღებული თანამედროვე თბილისი იმეორებს 1909 წელს ფირზე აღბეჭდილ დედაქალაქს.

    "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გიორგი მეურმიშვილს, რომელმაც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად იმუშავა ამ პროექტის განხორციელებაზე. იმედია, გიორგი მეურმიშვილის ფოტოები ისევე დარჩება ისტორიას, როგორც დიმიტრი ერმაკოვის ფოტოები, რომლებსაც დღეს ვათვალიერებთ როგორც ჩვენს წარსულს", - აღნიშნა გამოფენის გახსნისას ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.
ექსპოზიციის ფარგლებში გაიმართა, ეროვნული არქივის მიერ მომზადებული, 2010 წლის კალენდრის "ძველი და თანამედროვე თბილისი" პრეზენტაცია. კალენდარში შესულია გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო მასალა.

გამოფენა ეროვნულ არქივში 10 დღეს გაგრძელდება.